სერვერული აპარატურის კომპლექტაცია

სერვერი – აპარატურული თვალსაზრისით შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სპეციალიზირებული კომპიუტერი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია, მასში ჩაწერილი სერვერული ოპერაციული სისტემის სერვისების სამართავად.

სერვერ კომპიუტერებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მოთხოვნები კლიენტი კომპიუტერებისგან და უპასუხოს მათ.  მიზანი შესაძლებელია იყოს მონაცემთა ან აპარატურული და პროგრამული რესურსების გაცვლა კლიენტებს შორის. ამგვარი არქიტექტურა იწოდება როგორც  კლიენტი-სერვერი მოდელი. ტიპიურ კომპიუტერულ სერვერებს მიეკუთვნება: მონაცემთა ბაზის სერვერები, ფაილური სერვერი, საფოსტო სერვერი, ვებ სერვერი, სათამაშო სერვერი, ბეჭდვის სერვერი, გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის სერვერები.

შენიშვნა: მიუხედავად ტიპისა და აპარატურული შესაძლებლობებისა, სერვერული სერვისების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ კომპიუტერულ სისტემებს, რომლებშიც ჩაწერილია ესა თუ ის სერვერული ოპერაციული სისტემა სერვერული მოწყობილობებისადმი      მოთხოვნები             განსხვავდება სერვერის მიზნებისა და მისი პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისად.

ვინაიდან სერვერებთან წვდომა ძირითადად ხორციელდება ქსელით, სერვერი შესაძლებელია მუშაობდეს მონიტორის, ინფორმაციის შემტანი მოწყობილობების, ხმოვანი აპარატურული საშუალებებისა და უნივერსალური ინტერფეისების გარეშე. მათი კონფიგურირება და მართვა ხდება დაშორებული მანძილიდან.

განსხვავება პერსონალურ კომპიუტერებსა და სერვერებს შორის პერსონალურ კომპიუტერებსა და სერვერებს შორის, აპარატურული უზრუნველყოფის თვალსაზრისით განსხვავებების აღწერისას შეიძლება გამოვყოთ  მსგავსებებიც და განსხვავებებიც.

უმეტეს შემთხევაში  სერვერული და სამაგიდო პერსონალური კომპიუტერების აპარატურული უზრუნველყოფის დეტალები შეიძლება რეალურად არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ორივე იყენებს ისეთ ძირითად კომპონენტებს როგორიცაა: მეხსიერება, პროცესორი, კვება. თუმცა სერვერის ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე  ცალკეული კომპონენტები სერვერში, უთუოდ მეტი წარმადობით უნდა გამოირჩეოდეს ვინემ ანალოგური დანიშნულების დეტალები, პერსონალური გამოყენების სისტემებში.

სერვერის ფორმ-ფაქტორები ტერმინი ფორმ-ფაქტორი აღწერს იმ ფიზიკურ ასპექტებსა და სტანდარტებს, რომელსაც იყენებს განსხვავებული აპარატურული სისტემის კომპონენტი და კომპიუტერი მთლიანად. პერსონალურ კომპიუტერებში გავრცელებული ფორმფაქტორია ATX. მაგალითისთვის.: სტანდარტული ATX კორპუსი ფიზიკურად შეითავსებს ნებისმიერ სტანდარტულ ATX ფორმ-ფაქტორის დედაპლატას და კვების ბლოკს, მიუხედავად იმისა თუ რომელი მწარმოებლის მიერ არის  შექმნილი ესა თუ ის კომპონენტი.

ფორმ-ფაქტორი აქტუალურია სერვერის აპარატურულ ელემენტებთან მიმართებაშიც. არსებობს რამოდენიმე განსხვავებული ფორმ-ფაქტორი გამოყენებული ქსელურ სერვერებში, თუმცა ძირითადად გავრცელებულია: Tower, Rack  და Blade  სერვერები

Tower სერვერი

Tower სერვერები ძალიან გავს პერსონალურ კომპიუტერებს (ATX ფორმ-ფაქტორის სამაგიდო სისტემებს). თითოეული Tower სერვერი წარმოადგენს ავტონომიურ სისტემას, რომელიც განთავსებულია ვერტიკალურ კორპუსში Tower სერვერები ძირითადად გამოიყენება შედარებით მცირე მონაცემთა გაცვლის ცენტრებში. შედარებით დიდი მონაცემთა გაცვლის ცენტრებში, როგორც წესი თავს იკავებენ Tower სერვერების გამოყენებისგან, მათი განთავსებისთვის საჭირო დიდი ფიზიკური გარემოსა და შედარებით მაღალი ხმაურის გამო. 

სხვა ნაკლოვანებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს კაბელების განთავსების მოუწესრიგებლობა. Rack და Blade სერვერების კარადასა და შასებზე გათვალისწინებულია კაბელების ორგანიზებული განლაგების სქემა – Tower სერვერებისგან განსხვავებით.

Tower სერვერიTower სერვერი

Rack სერვერი როგორც დასახელებიდან ჩანს, Rack სერვერები  წარმოადგენს სერვერს, რომელიც მონტაჟდება შესაბამის კარადაში(Rack) . კარადას აქვს სერვერის თავსებადი ზომის სიგანე და სერვერები ჩამაგრებულია  ჭანჭიკების საშუალებით. კარადაში როგორც წესი განთავსებულია ერთმანეთზე დაწყობილი რამოდენიმე სერვერი.

Rack სერვერი
Rack სერვერი

რადგან კარადის თაროები განკუთვნილია სტანდარტული ზომის კომპონენტებისთვის, ქსელური მოწყობილობების მწარმოებლები, სერვერების გარდა გვთავაზობენ კარადაში განთავსებისთვის თავსებად სხვა ქსელურ კომპონენტებს, როგორიცაა აპარატურული ფაერვოლები, კომუტატორები და სხვ.

კარადის თაროები

კარადაში ჩასამონტაჟებელი კომპონენტები ფორმ-ფაქტორის მიხედვით განსხვავდება ზომებით, რომელიც იზომება Rack ერთეულით. სტანდარტული Rack სერვერი აღინიშნება როგორც 1U სერვერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იკავებს 1 თაროს შესაბამის სივრცეს კარადაში. სერვერები სიმაღლით 2U იყენებს 2 თაროს შესაბამის სივრცეს კარადაში. ზოგიერთი მწარმოებელი გვთავაზობს  4U და 1/2U სერვერებს. უფრო დიდი ფორმ-ფაქტორები გამოიყენება, როცა სერვერებზე მოთხოვნილია განსაკუთრებით დიდი მოცულობის ინფორმაციის შენახვა.

 

Blade სერვერი

როგორც Rack სერვერების შემთხვევაში, Blade სერვერებიც ხასიათდება სტანდარტული ზომებით, რათა ჩამონტაჟებულ იქნას სპეციალურ „კარადაში“, რომელსაც Blade სერვერების შემთხვევაში ჩარჩოს(შასი) უწოდებენ.
  Blade სერვერები, როგორც წესი წარმოადგენს მწარმოებლის ფორმფაქტორს (სტანდარტს). ასე მაგალითად, თქვენ ვერ შეძლებთ ერთი ფორმის Blade სერვერის ჩადგმას სხვა ფირმის კორპუსში.

მიზეზი თუ რატომ არის Blade სერვერები დაპატენტებული, მდგომარეობს იმაში, რომ Rack სერვერებისგან განსხვავებით, რომლებიც თავის მხრივ სრულიად ავტონომიურია, Blade სერვერებს არ აქვთ ზოგიერთი კომპონენტი, რომელიც აუცილებელია მათი ფუნქციონირებისთვის. მაგ.: Blade სერვერებს არ აქვთ კვების ბლოკი.

Blade სერვერი
Blade სერვერი

Blade სერვერის ჩარჩო(შასი) განკუთვნილია, სხვადასხვა მოდულური კომპონენტების მიღებისთვის, მათ შორის თავად Blade სერვერების. მაგ.: ჩარჩო(შასი) შეიძლება შეიცავდეს კვების ბლოკს, გამაგრილებელ ბლოკს და Blade სერვერს.

ავტ: ვ. ოთხოზორია
დ.გულუა
შ.სვანიშვილი