ცხრილები

ცხრილები

ცხრილები

 მონაცემთა ბაზის ობიექტებიდან მხოლოდ ცხრილი შეიცავს საკუთრივ მონაცემებს. ცხრილი შედგება სტრიქონებისა და სვეტებისაგან:

  • სტრიქონები (rows). თითოეული სტრიქონი წარმოადგენს კონკრეტული ობიექტის მახასიათებლების ერთობლიობას. მაგალითად, სტუდენტისათვის ესაა: გვარი, სახელი, უნივერსიტეტის დასახელება, კურსი და ა.შ.
  • სვეტები (columns). თითოეული სვეტი წარმოადგენს ობიექტის მახასიათებელს ან მახასიათებლების ერთობლიობას. მაგალითად, სტუდენტების გვარი, სახელი და ა.შ. სტრიქონის სვეტი არის ცხრილის მინიმალური ელემენტი. ცხრილის თითოეულ სვეტს აქვს სახელი, ტიპი და ზომა.

ცხრილის ზოგიერთი სვეტი შეიძლება იყოს გამოთვლადი (computed). ასეთ სვეტებში

ეთითება ფორმულა, რომლის მიხედვით სვეტის მნიშვნელობა გამოითვლება.

სისტემური ცხრილები 

სისტემური ცხრილები (system tables) შეიცავენ სერვერის მუშაობისათვის საჭირო ინფორმაციას. ამიტომ, უფლება არ გვაქვს შეცვალოთ ამ ცხრილებში მოთავსებული მონაცემები. აქედან გამომდინარე, ამ ცხრილების მიმართ შეგვიძლია მხოლოდ SELECT ბრძანების გამოყენება. სისტემურ ცხრილებში მონაცემების შესაცვლელად უნდა გამოვიყენოთ შენახული პროცედურები.

 დროებითი ცხრილები

 დროებითი ცხრილები (system tables) განკუთვნილია მონაცემების დროებით შესანახად და მოთავსებულია tempdb სისტემურ მონაცემთა ბაზაში. თუ დროებითი ცხრილის შექმნის დროს აშკარად მივუთითებთ მონაცემთა ბაზის სახელს, რომელშიც ის უნდა შეიქმნას, ცხრილი მაინც tempdb სისტემურ მონაცემთა ბაზაში შეიქმნება. დროებითი ცხრილები ავტომატურად იშლება შეერთების დახურვის დროს.   არსებობს ორი სახის დროებითი ცხრილი:

  1. ლოკალური დროებითი ცხრილი (local temporary tables). ასეთი ცხრილის სახელი ერთი # სიმბოლოთი იწყება, მაგალითად, #LokaluriDroebitiCxrili. ლოკალური დროებითი ცხრილის შესაქმნელად საკმარისია ცხრილის სახელის წინ # სიმბოლოს მითითება. ლოკალური დროებითი ცხრილები ხილულია მხოლოდ იმ შეერთების შიგნით, რომელშიც ისინი შეიქმნა. შეერთების დახურვის დროს ლოკალური დროებითი ცხრილი ავტომატურად იშლება. თუ ლოკალური დროებითი ცხრილი შეიქმნა შენახული პროცედურის მუშაობისას, მაშინ ამ პროცედურიდან გამოსვლის შემდეგ ეს ცხრილი ავტომატურად წაიშლება.
  2. გლობალური დროებითი ცხრილი (global temporary table). გლობალური დროებითი ცხრილის სახელი ## სიმბოლოებით იწყება, მაგალითად, ##GlobaluriDroebitiCxrili. გლობალური დროებითი ცხრილის შესაქმნელად საკმარისია ცხრილის სახელის წინ ## სიმბოლოების მითითება. ასეთ ცხრილთან მიმართვა შეგვიძლია ნებისმიერი შეერთებიდან. ასეთი ცხრილები განკუთვნილია მონაცემების გასაცვლელად სხვადასხვა პროგრამას შორის. გლობალური დროებითი ცხრილი არსებობს იმ შეერთების დამთავრებამდე, რომელშიც ეს ცხრილი შეიქმნა. მისი წაშლა და შეცვლა შეგვიძლია სხვადასხვა შეერთებიდან.

დროებითი ცხრილი ყოველთვის იქმნება მიმდინარე სერვერზე tempdb მონაცემთა ბაზაში. სერვერის გაჩერების შემთხვევაში ორივე სახის დროებითი ცხრილი ავტომატურად იშლება.

კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.