აშშ-სა და ევროპაზე მასშტაბური კიბერ-თავდასხმა განხორციელდა

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურები ცოტა ხნის წინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ კიბერ-თავდასხმას იძიებენ.

შეტევა  DdoS (Denial-of-service attack) ხასიათის იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ თავდასხმის ქვეშ მოყოლილი საიტები მომხმარებელთათვის მიუწვდომელი გახდა.

ინციდენტის შედეგად დროებით გაითიშა ისეთი პოპულარული ვებსაიტები, როგორებიცაა Netflix, Twitter, Spotify, Reddit, CNN, PayPal, Pinterest და Fox News, ასევე გაზეთების — Guardian-ის, the New York Times-ისა და the Wall Street Journal-ის ვებგვერდები.

თავდასხმის ობიექტი ძირითადად Dyn-ი იყო, ინტერნეტ-ტრაფიკის კომპანია, რომელიც ამუშავებს ინტერნეტ-დომენის სახელთა სისტემას (DNS).გარდა ამისა, როგორც Amazon-ის ვებ-სერვისის დანაყოფი იუწყება, რამდენიმესაათიანი პრობლემა მათაც შეექმნათ.

Dyn-ის ინტერნეტის ანალიზის დირექტორის, დუგ მოდირის განცხადებით, იგი დარწმუნებული არაა, რომ Dyn-სა და Amazon-ზე მიტანილი იერიში ერთმანეთთან კავშირშია.

DdoS შეტევები ბოლო დროს სულ უფრო ხშირი ხდება. უსაფრთხოების დამოუკიდებელი მკვლევარი ბრაიან კრებსი ჯერ კიდევ თვის დასაწყისში წერდა, რომ ჰაკერთა ჯგუფმა Mirai botnet-ისთვის გამოუშვა „საწყისი კოდი“, „რაც იმის გარანტიაა, რომ სულ მალე ინტერნეტი წაილეკება თავდასხმებით, განსაკუთრებით botnet-ზე მომუშავე არასაიმედო როუტერები, IP კამერები, ციფრული ვიდეო-ჩამწერები და სხვა ადვილად დასაჰაკი მოწყობილობები“.

Mirai botnet-ი იმ მოწყობილობათა ქსელია, რომელიც დაინფიცირებულია თვითგამრავლებადი ვირუსული პროგრამებით. ვირუსის შემქმნელების შეტევის მსხვერპლი თავად ბრაიან კრებსიც გახდა.

კიბერუსაფრთხოების კომპანია Flashpoint-ი თავდასხმას Mirai-ს საწყის კოდზე დაფუძნებულ ვირუსს უკავშირებს.

როგორც ტექნოლოგიური საიტი Gizmodo წერს, „შეტევის ახალმა ტალღამ დააზიანა აშშ-ის დასავლეთ სანაპირო და ევროპა. უცნობია რა კავშირშია ერთმანეთთან ეს ორი კიბერ-თავდასხმა, თუმცა კი ხელწერა ძალიან მსგავსია“.

ჯერჯერობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

„საინტერესოა, რომ ამ დრომდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ის შედარებით მარტივი მეთოდი, რაც DdoS თავდამსხმელებმა გამოიყენეს, გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის უკან სავარაუდოდ მავნებლობით შეპყრობილი თინეიჯერები დგანან და არა რომელიმე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ჰაკერები“, — ამბობს უსაფრთხოების კომპანია Redscan-ის წარმომადგენელი რობერტ პეიჯი.

„ვიღაც საკმაოდ მძლავრად სცდის იმ კომპანიების ძირითად თავდაცვის შესაძლებლობებს, რომლებიც კრიტიკულ ინტერნეტ-სერვისს აწარმოებენ“, — აღნიშნავს უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Varonis-ის წარმომადგენელი დევიდ გიბსონი.

წყარო: The Guardian, Gizmodo, CNBC. 1tv.ge