google

ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ისეთი ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მის გადასამოწმებლად ათასი წყაროსთვის მიგიმართავთ. ამასთან დაკავშირებით Facebook-მა და Google-მა კამპანია დააანონსეს, რომელიც დეზინფორმაციის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიებმა საზოგადოების ზეწოლის შედეგად მიიღეს. როგორც ინტერნეტ მომხმარებლები ამბობდნენ, დონალდ ტრამპის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გადაუმოწმებელი და ტყუილი ინფორმაციის მასობრივად გავრცელების დამსახურება იყო. საქმე ისაა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა უამრავი ტყუილი და ტროლი ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოების ნაწილი უაპელაციოდ იღებდა.

და რადგან ამ ინფორმაციების ლინკები აქტიურად ზიარდებოდა Facebook-ზე და ძებნის დროს გუგლშიც ვარდებოდა, საზოგადოებამ პასუხისმგებლობა სწორედ ამ კომპანიებს დააკისრა. აღნიშნულ მოსაზრებას ინტერნეტში დიდი დისკუსია მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობდა, რომ ზრდასრულ ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს მართალი, ტყუილი და უტრირებული ინფორმაციის გარჩევა და ამაში მესამე ძალა, გარდა მედიისა, არ უნდა ჩაერიოს. ხოლო მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ფეისბუქი თავად მედიაა და მსგავსი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აეღო – ასეც მოხდა. ფეისბუქმა უკვე გაუშვა ყალბი ინფორმაციის ტეგი, რომლითაც საეჭვო საიტები და ლინკები ინიშნება.

ამასობაში ახალი ფუნქცია დაემატა Google-საც, რომელიც მომხმარებელს ამა თუ იმ ფაქტის გადამოწმებას სთავაზობს.

აღნიშნული ინიციატივა 2016 წლის ოქტომბერში ამოქმედდა, თუმცა ის სატესტო რეჟიმში მუშაობდა. დღეიდან ეს ფუნქცია გლობალური მასშტაბით, ყველა ენაზეა ხელმისაწვდომი.

ინფორმაციის გადამოწმებაზე სხვადასხვა ორგანიზაციები იმუშავებენ. ყველაზე ტრენდული ინფორმაციის ძიებისას Google-ში გამოჩნდება ამ ინფორმაციის გადამოწმებული ვარიანტი, რომელშიც მიმოხილული იქნება რამდენად შეესაბამება სიახლე სიმართლეს.

თავდაპირველად, ეს ფუნქცია მხოლოდ იმ ინფორმაციაზე იმუშავებს, რომელსაც ორი ცნობილი Fact Check ორგანიზაცია გადაამოწმებს. ეს ორგანიზაციებია PolitFact და Snopes. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ორგანიზაციების მიერ გადამოწმებული ინფორმაციები არ გამოჩნდება.

მეტიც, Google ამბობს, რომ შესაძლოა ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზაციებმა განსხვავებულად შეაფასონ. ქაოსისგან თავის ასარიდებლად კომპანია იმ ორგანიზაციებს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, თავის წესებს სთავაზობს. ამ წესებისთვის გვერდის ავლა ფაქტობრივად შეუძლებელია.

კომპანია ამბობს, რომ გადამოწმებული ინფორმაციის სისტემასთან მიმაგრებას მხოლოდ ის ორგანიზაციები შეძლებენ, ვისაც სპეციალური ალგორითმი ინფორმაციის სანდო გამავრცელებლად მიიჩნევს.